საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თანამშრომლობა ესპანეთის როვირა და ვირჯილის უნივერსიტეტთან

თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი დგებუაძე ევროკომისიის მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამის ფარგლებში მივლინებით იმყოფებოდა ესპანეთის სამეფოში.

 

მივლინება მიზნად ისახავდა როვირა და ვირჯილის უნივერსიტეტის (Universitat Rovira i Virgili) საერთაშორისო ცენტრისა და იურიდიული ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში მონაწილეობას და გამოცდილების გაზიარებას. უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნეს საერთაშორისო ცენტრის საქმიანობა და განხორციელებული პროექტები, სასწავლო გეგმა და სწავლების მეთოდოლოგია. გაიმართა პრეზენტაციები მნიშვნელოვან საერთაშორისო პროექტებთან და ორგანიზაციებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

 

როვირა და ვირჯილის უნივერსიტეტის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა - მარინა კასალსმა და იურიდიული ფაკულტეტეტის საჯარო სამართლის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა - პროფ. მარია მარკესმა გიორგი დგებუაძესთან ერთად, თსუ იურიდიულ ფაკულტეტთან თანამშრომლობის რამდენიმე მიმართულება განიხილეს, ერთობლივი პროექტების განხორციელების კუთხით.

 

პერსონალის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, რომელიც უმაღლესი განათლების ინტერნაციონალიზაციის საკითხებს ეხებოდა, გიორგი დგებუაძემ მოხსენება წარადგინა თსუ-ის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის, სიახლეებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ. მოხსენება მოიცავდა იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროგრამების, კვლევების, ინტერნაციონალიზაციის პოლიტიკისა და სტრატეგიის შესახებ ინფორმაციას.

 

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში დაიგეგმა უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარება და საერთაშორისო პროექტებში ერთობლივი მონაწილეობა.

თარიღი: 11/09/2023